• ღამის ხედი
  • სასტუმრო შერატონი
  • ბერძნული რესტორანი - აკროპოლი
  • ბათუმის ნავსადგური
  • ალი და ნინო

თვითმმართველობის ისტორია

ბათუმის თვითმმართველობას საფუძველი 1888 წელს ჩაეყარა. ამავე წელს ქალაქის სათათბიროს ხმოსანთა არჩევნების შედეგად გამგეობა შეიქმნა. 1895 წელს ქალაქის გამგეობის თანამდებობის პირების არჩევნები მოეწყო. ქალაქის თავად ლუკა ასათიანი აირჩიეს. მისივე ინიციატივით ქალაქის თვითმმართველობის ამჟამინდელი შენობა აიგო.

აჭარის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების შემდეგ (1877-1978 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგად) ქალაქის მმართველობა დავალებული ჰქონდა ბათუმის ოლქის უფროსს, ხოლო მთელს საქალაქო მეურნეობას უძღვებოდა საპოლიციო სამმართველო (სამმართველოს უფროსი პოლკოვნიკი ეგოროვი).

1878 წლიდან ბათუმი თავისუფალ სავაჭრო ზონად გამოცხადდა და ,,პორტო-ფრანკოს'' სტატუსი მიენიჭა, რამაც უცხოური კაპიტალის მოზიდვასა და ქალაქის აღმავლობას შეუწყო ხელი. ბათუმის მოსახლეობა და საზღვრები სწრაფი ტემპით გაიზარდა, პარალელურად ქალაქის შემოსავალმაც იმატა. საჭირო გახდა ქალაქში თვითმმარველობა შექმნილიყო.

1885 წელს ქალაქის 90-მდე მცხოვრებმა წერილობითი თხოვნით მიმართა კავკასიის სამოქალაქო ნაწილის უფროსს, ბათუმისათვის ქალაქის თვითმმართველობის სტატუსის მინიჭების თაობაზე. 1888 წლის 28 აპრილს ბათუმს თვითმმართველობის სტატუსი მიენიჭა. იმავე წლის 2 აგვისტოსა და 2 სექტემბერს ქალაქის სათათბიროს (საბჭოს) ხმოსანთა არჩევნები ჩატარდა, სადაც 36 ხმოსანი აირჩიეს. ქალაქის გამგეობა კი ოთხი წლის ვადით შემდეგნაირად დაკომპლექდა: ქალაქის თავი _ კ. დ. გავრონსკი, გამგეობის წევრები დ. ი. ბიკოვი, ა. ი. კოიანდერი და ი. ს. შადინოვი. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ იმპერიული ხელისუფლება ადგილობრივებს არ ენდობოდა და არც ხელმძღვანელ თანამდებობებზე ნიშნავდა. ასე თუ ისე საპასუხისმგებლო პოსტზე (ქალაქის საბჭოს მდივნად) მხოლოდ სერგეი მესხის ძმა ივანე მესხი დაინიშნა.

ქალაქის სათათბიროს პირველი არჩევნები 1894 წელს გაიმართა, სადაც 35 ხმოსანი და ცხრა კანდიდატი აირჩიეს. 1895 წლის 25 იანვარს ქალაქის გამგეობის თანამდებობის პირების არჩევნები მოეწყო, რის შედეგადაც ქალაქის თავად გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწე ლუკა ასათიანი აირჩიეს, გამგეობის წევრებად გ. რ. ვოლსკი და ი. ივანოვი, ქალაქის გამგეობის მდივნად _ ივანე მესხი.

ქალაქის სათათბიროს მეორე არჩევნები 1898 წელს გაიმართა. ქალაქის თავად კვლავ ლუკა ასათიანი აირჩიეს, რომელმაც დიდი ღვაწლი დასდო ბათუმის განაშენიანებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქალაქის მიმდებარე ტერიტორიებზე ჭაობის ამოშრობა, კაპიტალურად გაყვანილი სანიაღვრე კანალიზაციის არხები (მათ შორის ჟილინსკისა და ივანოვის არხები), რომლებმაც მთელი ქალაქი გადაკვეთეს. პარალელურად წარმოებდა ქალაქის დადაბლებული ადგილების ხრეშითა და გრუნტით მოზვინვა. ყოველივე ამან განაპირობა ქალაქში ჭაობიანი ადგილების დაშრობა და მეტად საშიში ავადმყოფობის მალარიის მოსპობა. შედეგად შესაძლებელი გახდა ახალი ქუჩების გაყვანა და ნაწილის კეთილმოწყობა.

ლუკა ასათიანის პირადი ინიციატივით დაიწყო ბათუმის საბჭოს შენობის აგება, რომელიც დღესაც ამშვენებს ქალაქს. მისივე მმართველობის პერიოდშია აშენებული ახლანდელი რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც აჭარის მოსახლეობას დღესაც ემსახურება. ლუკა ასათიანი დიდ ყურადღებას უთმობდა ბათუმში განათლების აღმავლობის საქმეს. მისი ინიციატივით ქალაქში უმოკლეს ვადაში ყველა ეროვნებისათვის მათ ენაზე დაწყებითი კლასები გაიხსნა.

XX საუკუნის დასაწყისში ბათუმი და მთლინად სამხრეთ-დასავლეთ საქართველო ეკონომიკურად ერთ-ერთი დაწინაურებული მხარე იყო განვითარებული საქალაქო მეურნეობით. ბათუმი როგორც მსხვილი საქალაქო ცენტრი, მისი პირველხარისხოვანი ნავსადგურით, წამყვან როლს თამაშობდა ამიერკავკასიის და შუა აზიის სატრანზიტო ვაჭრობაში. პირველ მსოფლიო ომამდე ბათუმმა ევროპული ქალაქის იერი მიიღო, რაც მისი თვითმმართველობის პროგრესული მოღვაწეობის და ქალაქის შემოსავლების მიზანმიმართულად გამოყენების შედეგი იყო.

ცნობილი საზოგადო მოღვაწე და ქალაქისთავი ლუკა ასათიანი 1902 წელს უეცრად გარდაიცვალა. საჭირო იყო ქალაქისათვის სასწრაფოდ გამოენახათ ავტორიტეტული და საქმის მცოდნე პიროვნება, რომელსაც მთავრობა ქალაქის თავად დანიშნავდა.

1902 წლის მარტში ხმის დიდი უმეტესობით ქალაქის თავად ივანე ანდრონიკაშვილი აირჩიეს. მისი მუშაობის დასაწყისი სოციალისტების მიერ რუსეთში მოწყობილი პირველი რევოლუციის პერიოდს დაემთხვა და მაშინ ბათუმშიც ხშირი იყო მემარცხენეების გაფიცვები და მიტინგები. ანდრონიკაშვილი რევოლუციონრებს არ უთანაგრძნობდა _ იგი ხელს უწყობდა ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობას. მუშათა სისტემატური გამოსვლები ფაბრიკა-ქარხნების ხანგრძლივ გაჩერებას იწვევდა, რაც ქალაქის ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად მოქმედებდა. ასეთ რთულ პერიოდში ქალაქისათვის ნორმალური მუშაობა გაძნელდა. მიუხედავად ამისა, ანდრონიკაშვილის ხელმძღვანელობით სასმელი წყლის ახალი სათავე ნაგებობა და ქალთა გიმნაზია აშენდა, დასრულდა ვაჟთა გიმნაზიის შენობის მშენებლობა, საფუძველი ჩაეყარა მწვანე კონცხის ბოტანიკური ბაღის განაშენიანებას და დაიწყო ქალაქის სანაპირო ზოლის შესწავლა ზღვის მიმოქცევის გასარკვევად. ანდრონიკაშვილს ქალაქის თავის თანამდებობა 1916 წლამდე ეკავა და შემდეგ იგი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა.

1917 წლის თებერვალში რუსეთში მომხდარი რევოლუციის შემდეგ ბათუმის ოლქის კომისრად ევგენი კრიცინკი დაინიშნა. იგი ქალაქის თავის თანამდებობაზე შეცვალა ვ. საბახტარიშვილმა, საბახტარიშვილი _ ჯავახიშვილმა, ჯავახიშვილი _ ანჯაფარიძემ.

1918 წლის 12 თებერვალს ოსმალეთმა კავკასიის ფრონტზე საომარი მოქმედებები განაახლა, ძალმომრეობით დაიკავა ბათუმი, ყარსი, არტაანის ქართული ტერიტორიები. ამიერკავკასიის ხელისუფლებამ ოსმალეთთან საზავო მოლაპარაკება გადაწყვიტა. ტრაპიზონის საზავო კონფერენციის დასკვნით ეტაპზე, 1918 წლის 4 ივნისს ოსმალეთმა იარაღის მუქარით აიძულა ახლადშექმნილი საქართველოს რესპუბლიკა ბრესტის ზავით გათვალისწინებული ბათუმი, ყარსი, არტაანის გარდა, დაეთმო ახალციხისა და ახალქალაქის მაზრები.

ოსმალებმა სამხ. დას. საქართველოში თავიანთი მმართველობა შემოიღეს. მართალია არ გაუუქმებიათ საქალაქო მმართველობა, მაგრამ მისი უფლებები უკიდურესად შეამცირეს. მიუხედავად ამისა, დემოკრატიულ ტრადიციებზე დაფუძნებული ბათუმის თვითმმართველობა არ ჩამკვდარა.

პირველ მსოფლიო ომში გერმანიისა და მისი მოკავშირეების დამარცხებამ წერტილი დაუსვა ბათუმის ოლქში ოსმალეთის ექვსთვიან საოკუპაციო რეჟიმს.

1919 წლის დასაწყისიდან ბათუმის ოლქი და ქალაქი ბათუმი წარმოადგენდა ანტანტის გამარჯვებულ სახელმწიფოთა საოკუპაციო ზონას. ინგლისის საოკუპაციო ჯარების მთავარსარდლობამ ქ. ბათუმისა და ბათუმის ოლქის გუბერნატორად დანიშნა გენერალი კუკ კოლისი.

ინგლისელებმა საწყის ეტაპზე შექმნეს სამოქალაქო მმართველობის სტრუქტურაც _ ბათუმის ოლქის მართვის საბჭო, რომელიც ძირითადად რუსული ეროვნული საბჭოს წარმომადგენლებით დაკომპლექტდა. საბჭოს, რომელსაც ხელმძღვანელობდა კადეტი პ. მასლოვი, გამოირჩეოდა, მკვეთრი ანტიქართული ხასიათით. 1919 წლის 14 აპრილს გუბერნატორის ბრძანებით საბჭო დაშლილად გამოცხადდა.

აჭარის გასაბჭოების შემდეგ ქალაქის თავკაცები ხელისუფლების მიერ ინიშნებოდნენ. 1997 წლიდან საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობა და მათ შორის, მერის თანამდებობა არჩევითია. თუმცა, ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში დემოკრატიული არჩევნების პრაქტიკა იგნორირებული იყო. 2004 წლის მაისში აბაშიძემ და მისმა სეპარატისტულმა ხელისუფლებამ ბათუმი დატოვა.

საქართველოში, მათ შორის ბათუმში, ადგილობრივი თვითმმართველობის მორიგი არჩევნები 2006 წლის 5 ოქტომბერს გაიმართა.