არჩილ ჩიქოვანი გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელს შეხვდა
2022-05-23
ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელს, ნიკ ბერესფორდს შეხვდა. შეხვედრაზე იმსჯელეს გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ბათუმში განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე.
განიხილეს მუნიციპალური ტრანსფორმაციის პორტფელის ფარგლებში, ბათუმში განსახორციელებელი ღონისძიებები. აღსანიშნავია, რომ პორტფელის შემუშავების მიზნით ბათუმის მერიამ უკვე მოიპოვა გრანტი 225 ათასი ევროს ოდენობით. ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფი, ადგილობრივი პარტნიორებისა და საერთაშორისო ექსპერტთა მხარდაჭერით, პორტფელის შინაარსობრივ მხარეზე მუშაობს.
პარტნიორების მიერ შემოთავაზებული ტრანსფორმაციის პორტფელის რამდენიმე მიმართულებას შორის შეირჩა „ბათუმი - ახალი სტარტაპ ეკოსისტემა საქართველოში“, რომლის განხორციელების მიზნით, სამმხრივი შეთანხმება უკვე გაფორმდა ბათუმის მუნიციპალიტეტს, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის. მუნიციპალური ტრანსფორმაციის პორტფელი უზრუნველყოფს ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას, ხელმისაწვდომობის ზრდას და პოპულარიზაციას ადგილობრივ მოსახლეობაში.
გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ასევე ხორციელდება „საყოფაცხოვრებო ნარჩენების წყაროსთან დახარისხების ექსპერიმენტი", რომლის თაობაზეც თანამშრომლობის მემორანდუმი ბათუმის მერიასა და UNDP-ს შორის 2021 წელს გაფორმდა. პროექტი მოიცავს, როგორც ქცევით ექსპერიმენტს, ასევე საკომუნიკაციო კამპანიას. ექსპერიმენტის ფარგლებში, პლასტმასის ნარჩენისათვის დამზადდა სპეციალური გამჭვირვალე კონტეინერები და განთავსდა ბათუმში შერჩეულ სამ ლოკაციაზე. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობათა ნაწილისთვის კი, განხორციელდა ცნობიერების ამაღლებისათვის საჭირო საკომუნიკაციო კამპანია.
გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობით ბათუმში უკვე განხორციელდა პროექტი მწვანე ქალაქები: ინტეგრირებული მდგრადი სატრანსპორტო სისტემების განვითარება ქალაქ ბათუმისა და აჭარის რეგიონისათვის. ასევე მომზადდა „ქალაქ ბათუმის ეკონომიკური განვითარების გეგმა 2019-2020“, რომელმაც მსოფლიო ბანკის მიერ საუკეთესო შეფასება მიიღო.
გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში სამომავლოდ დაგეგმილი თანამშრომლობის მიმართულებებია: ეკონომიკური განვითარება, ნარჩენების მართვა, მუნიციპალური სერვისების გაძლიერება და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.